კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG)
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა
ფაქტები და მოკლე სამართლებრივი ანალიზი
1. საქართველოს კონსტუტუციის მე-7 მუხლის თანახმად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე საგანგებო მდგომარეობათა რეჟიმის დადგენა და შემოღება.
2. ამავე კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს დეკრეტით შეზღუდოს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი.
3. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე 1997 წლის 11 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებულია საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ.
- საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად „საგანგებო
მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი
არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო
გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის,
ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა
შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები
მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური
განხორციელების შესაძლებლობას“.
- ამ კანონის თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და
მართლწესრიგის აღდგენა.
4. ამას გარდა, კონსტიტუცია ადგენს პირობებს ვის მიერ და როდის უნდა იქნას შემოღებული ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ეს არის ქვეყნის
პრეზიდენტი, რომელიც სპეციალური დეკრეტით და ბრძანებით წარუდგენს პარლამენტს „ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას“, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს 48 საათის განმავლობაში მისი სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.
ქვემოთ ცხრილში მოყვანილია „საქართველოს კონსტიტუციიდან“ და „საქართველოს კანონის საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ გამოცემული
სამართლებრივი აქტები.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე მდგარი მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ასახულია შემდეგ ნორმატიულ აქტებში:
თარიღი - 21.03.2020
გამომცემელი - საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი #1
მოქმედების არეალი - ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 21 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020
თარიღი - 21.03.2020
გამომცემელი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება #1
მოქმედების - არეალი ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 21 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020
თარიღი - 21.03.2020
გამომცემელი - საქართველოს პარლამენტის დადგენილება #5864-სს
მოქმედების არეალი - ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 21 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020
თარიღი - 31.03.2020
გამომცემელი - საქართველოს მთავრობის დადგენილება #205
მოქმედების არეალი - ქვეყნის მთელი ტერიტორია
მოქმედების ვადა - 31 მარტი 2020 - დან 21 აპრილი 2020
გარდა ამისა გვსურს ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული COVID19-ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით.
1. შეჩერდა სასწავლო პროცესი;
2. შეჩერდა ჯარში გაწვევა;
3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადაყვანილი იქნა დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;
4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;
5. ეტაპობრივად შეიზღუდა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;
6. დაწესდა საკარანტინო პროცედურები, გამკაცრდა თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;
7. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები;
8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;
9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული;
10. გაიცა სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები;
ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისათვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც გახლდათ, ძირითადად, იმპორტირებული, უცხო ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების ეტაპი.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი
ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით ვალდებულები არიან გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები!!!
კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა
უკან დაბრუნება..